ახალი განაცხადი ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

როგორ მივიღო ბიომეტრიული პასპორტი არასრულწლოვან პირზე სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად არასრულწლოვან პირზე ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად, იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ბიომეტრიული პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით.

ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მიღება?

დისტანციური მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

ვის შეუძლია არასრულწლოვან პირზე ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განაცხადის შეტანა ?

14 წლამდე არასრულწლოვნის ბიომეტრიულ პასპორტზე ონლაინ რეჟიმში განმცხადებელი შეიძლება იყოს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი), 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის ბიომეტრიულ პასპორტზე კი თავად ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი არასრულწლოვანი პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი)

რა საბუთებია საჭირო ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად?

არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი; ორივე მშობლის თანხმობა ბიომეტრიული პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის გამოხატვა შესაძლებელია პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში ან/და წერილობითი ფორმით იუსტიციის სახლში/სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან სანოტარო ბიუროში) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; არასრულწლოვანის ფერადი ბიო-სურათი; მშობლების ფერადი ფოტოსურათი.

შენიშვნა

  • 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი მშობლის თანხმობა
  • თუ ბავშვი დაბადებულია საზღვარგარეთ დაბადების მოწმობა წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით სათანადო წესით დამოწმებული და ნათარგმნი ქართულ ენაზე

რამდენია ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?

ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტი მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორ სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 205 ლარი

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ბიომეტრიული პასპორტი?

ამ მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურებით ან დაასახელოთ დამზადებული დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირი . პირველ შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ ორი გადამზიდავი კომპანია (DHL-ი და TNT), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. თუ თქვენ აირჩევთ დოკუმენტის მიღებას დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ საშუალება დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელში გამოცხადებაც უფრო ხელსაყრელი იქნება უფლებამოსილი პირისათვის.

რამდენია საფოსტო მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღების ვადა და საფასური?

საფოსტო მომსახურების ვადა და საფასური გადამიზიდავ კომპანიებს განსხვავებული აქვთ, სხვადასხვა ქვეყნებისათვის იგი სხვადასხვა. ელექტრონული განცხადების შევსებისას ავტომატურად იანგარიშება საფოსტო კომპანიის მომსახურების ტარიფები და ვადები.

როგორ შემიძლია ბიომეტრიული პასპორტის და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა?

ბიომეტრიული პასპორტის გაცემისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაბამის იუსტიციის სახლში ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მიღებაზე?

დისტანციური მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დისტანციური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას პასპორტის მიღებაზე.

რა შემთხვევაში გაიცემა პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების გარეშე?

ბიომეტრიული მონაცემების გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.