ახალი განაცხადი ვიდეო ინსტრუქცია zd
რეგისტრირებული განცხადების ნახვა
განაცხადის ნომერი
განაცხადის კოდი
Captcha



საკონტროლო რიცხვი

რას წარმოადგენს პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი?

პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვის შეუძლია პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღება?

პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღება შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

როგორ მივიღო პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად, იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, საჭიროების შემთხვევაში წარადგინოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით.

ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე ?

დისტანციური მომსახურებით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად განაცხადის წარდგენა შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ, სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს პირადად,. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის ერთ–ერთი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

რა საბუთები საჭირო ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

თუ პირი პირველად იღებს პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს, აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად საჭიროა წარდგენილ იქნეს:

  1. პირადობის დამადასტურებელი ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი:
    • ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი;
    • დაბადების მოწმობა;
    • პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
  2. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  4. ბიომეტრიული ფოტოსურათი.

ხოლო თუ პირს მიღებული აქვს პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად ან შესაცვლელად პირმა უნდა წარადგინოს მხოლოდ ფოტოსურათი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაიტერესებული პირი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში მატერიალური ფორმით წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი.

რა დოკუმენტით დგინდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტი?

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადასტურებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

  1. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;
  2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს;
  3. არასრულწლოვნი/ქმედუუნარო პირის, ასევე 1992 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დაბადებული პირის შემთხვევაში – აღნიშნული პირის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტი და მშობლის (მშობლების)/მეურვის/მზრუნველის ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ან შესაბამისი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობა/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად?

ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებისათვის განაცხადის წარსადგენად დაგჭირდებათ, ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რამდენია ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?

ონლაინ რეჟიმში პირადობის ნეიტრალური მოწმობა დამზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და დამზადების საფასურია 10 ლარი.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დამზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 35 ლარი.

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ნეიტრალური პირადობის მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი?

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი

  1. პირადად;
  2. მესამე პირის მეშვეობით (მინდობილი პირი);
  3. საქართველოში მოქმედი იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომლისთვისაც ნეიტრალური პირადობის მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიწოდების საკითხზე გამოხატავთ თანხმობას.

როგორ შემიძლია პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის დამზადებისათვის მომსახურების საფასურის გადახდა?

პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მომსახურეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საბანკო დაწესებულებაში ნაღდი ანგარისწორებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა იუსტიციის სახლში.

როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?

განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

რა შემთხვევაში შეიძლება უარი მეთქვას ონლაინ რეჟიმში ნეიტრალური პირადობის მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე?

დისტანციური მომსახურეობით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო- დოკუმენტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირისა და განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები.