ვის ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს
კანონი ,,ამნისტიის შესახებ” ?
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული დაკავშირებულია:
ა)საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ან ამ დოკუმენტებიდან რომელიმეს მსგავსი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ისეთი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, რომელიც საფუძვლად დაედო რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაცემას, თუ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მას ბრალი არ აქვს წაყენებული;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირზე;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირზე.
რა ვადით მოქმედებს კანონი „ამნისტიის შესახებ“?
იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, საჭიროა განაცხადი წარადგინოს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ვის მიმართ ვრცელდება საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ”?
კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინა 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული/შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი გამოიყენა ამ კანონის ამოქმედებამდე.
ვის შეუძლია ამნისტიის თაობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა?
პირი უფლებამოსილია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განცხადება წარადგინოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ აღნიშნული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
რა საბუთებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობისთვის?
განმცხადებელი ავსებს განცხადების ელექტრონულ ფორმას, სადაც სრულყოფილად უნდა იყოს მითითებული თუ, რომელ დოკუმენტებში
ფიქსირდება ყალბი/არასწორი მონაცემები, რაში მდგომარეობს მათი სიყალბე, როდის და რა მიზეზით იქნა დაშვებული აღნიშნული დარღვევა.
პირი ვალდებულია განცხადების მიღებაზე უფლებამოსილ დაწესებულებაში წარადგინოს სავარაუდოდ გაყალბებული ან არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტი.
გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, თუ განმცხადებელს დაკარგული აქვს აღნიშნული დოკუმენტი (დოკუმენტები).